დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოში განვითარებული პროცესები განიხილეს. პალატაში გააკრიტიკეს ძალადობრივი თავდასხმები პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებსა და მედიაზე. ისაუბრეს ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზეც.
საქმე ეხება კომპანია Hunnewell Partners-ს, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან მართავს იმედს. თემთა პალატაში იმედს მთავრობის პროპაგანდისტული ხელიც უწოდეს.
"საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის ფონზე, დებატებისთვის ხომ არ გამოვნახოთ? ამ დებატებზე შეგვიძლია განვიხილოთ ის ფაქტი, რომ სასტიკი მთავრობის პროპაგანდისტული ხელი, ტელეკომპანია იმედი ოპერირებს და იმართება დიდი ბრიტანეთიდან კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით. შეგვიძლია განვიხილოთ არის თუ არა დრო, რომ კრიმინალური უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ჩაატაროს ამ ქვეყნიდან წარმოებული ოპერირების შესახებ პრორუსული პროპაგანდისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის წაქეზების მიმართულებით", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თემთა პალატის წევრმა ბლერ მაკდუგალმა.
ამ განცხადების საპასუხოდ პალატის ლიდერმა, ლუსი პაუელსმა თქვა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა ბიზნესის კომიტეტზე შეიძლება:
"მინდა, მადლობა ვთქვა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევისთვის. ბრიტანეთის მთავრობა აგრძელებს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ შეაჩეროს გადახვევა დემოკრატიული ნორმებისგან და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია. ჩვენ კვლავ ვგმობთ ძალის გადამეტებას პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. თქვენ წამოწიეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კომპანიებზე, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, ამ საკითხზე დებატებისთვის ბიზნესის კომიტეტი კარგი ადგილი იქნება".
2021 წელს ტელეკომპანია იმედის მესაკუთრე გახდა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული Hunnewell Partners-ის კონტროლირებადი კომპანია. იმედის მფლობელი კომპანია ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა მედია ფაინენს გრუპ ბი.ვის (Media Finance Group B.V.), რომელიც Hunnewell Partners-ის კომპანიათა ჯგუფში შედის.